საქართველო (აფხ. Қырҭтәыла) — სახელმწიფო ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.
თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისცა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული IV საუკუნიდან; ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს. თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო, სანამ XV საუკუნეშირამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა. იმპერიულმა რუსეთმა ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801-1866 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-21) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.
საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს კვლავ მოიპოვა. სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ქაოსური პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 1990-იანი წლების ბოლოს. 2003 წელს მომხდარი ვარდების (უსისხლო) რევოლუციით ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალი, პროდასავლური, რეფორმისტული მთავრობა. ახალი მთავრობის მისწრაფება ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასა და გამოყოფილი ტერიტორიების დაბრუნებისკენ რუსეთთანურთიერთობას მკვეთრად აუარესებს. პარალელურად მიმდინარე სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებამ ქვეყანა მნიშვნელოვანი ევრაზიული ენერგეტიკული პროექტების ეპიცენტრი გახადა.
საქართველო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, ორგანიზებული როგორც უნიტარული, ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ქვეყანა ამჟამად რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაეროს, ევროპის საბჭოს, სუამის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის. საქართველო ასევე მიისწრაფვის ევროპის კავშირში ინტეგრაციასა და
ალიანსში გაწევრიანებას.
საქართველოს ისტორია
საქართველოს ისტორია |
---|
საქართველოს ისტორია |
საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ადამიანთა ცხოვრების ფაქტს ადასტურებს დმანისში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები. დმანისში აღმოჩენილი ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტები უძველესია მთელს ევრაზიაში და მისი ასაკი 1 800 000 წლის არის. ქართველების პირველი პოლიტიკური გაერთიანება დიაოხი და კოლხა მდინარე ჭოროხის აუზში ძვ.წ II ათასაწლეულის ბოლოს შეიქმნა, მათ მხოლოდ რამდენიმე საუკუნე იარსებეს. ისინი დაამხეს ჩრდილოეთიდან შემოჭრილმა მომთაბარე ტომებმა. ძვ.წ VI საუკუნეში ჩამოყალიბდა ეგრისის ანუ კოლხეთის სამეფო. იგი თითქმის მთლიანად აერთიანებდა დღევანდელ დასავლეთ საქართველოს. ძვ.წ IV საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნა იბერიის სამეფო. სწორედ იბერიის მეფეს ფარნავაზს უკავშირდება ქართული დამწერლობის შექმნა. ძველი წელთაღრიცხვის ბოლოს რომის იმპერიამ დაიპყრო ეგრისის სამეფო, ქართლის სამეფო ჯერ რომის ვასალია ხოლო მისი დასუსტების შემდეგ, სპარსეთისგავლენის ქვეშ ექცევა. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ოთხი სამთავრო ჩამოყალიბდა: ლაზების, აფშილების, აბაზგებისდა სანიგების. განსაკუთრებით გაძლიერდა ლაზთა სამთავრო, რომელმაც თავის გავლენას დაუქვემდებარა დანარჩენი სამი და შეიქმნა ახალი სახელმწიფო - ლაზიკა.
VI საუკუნეში სპარსელებმა ქართლში, ხოლო ბიზანტიელებმა ლაზიკაში გააუქმეს მეფობა და მმართველად თავიანთი მოხელეები დანიშნეს. VII საუკუნის შუა ხანებში საქართველო ახალმა დამპყრობლებმა არაბებმა დაიმორჩილეს. VIII საუკუნის ბოლოს ქვეყნის პერიფერიულ ნაწილებში, სადაც არაბთა გავლენა სუსტი იყო, ყალიბდება ახალი, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოები. აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნა: კახეთის სამთავრო (საქორეპისკოპოსო) და ჰერეთის სამეფო. დასავლეთ საქართველოში შეიქმნა აფხაზთა სამეფო. IX საუკუნის დამდეგს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში შეიქმნა ტაო-კლარჯეთის სამთავრო, რომელსაც უკვე 888 წლიდან ქართველთა სამეფო ეწოდა. X-XI საუკუნეების მიჯნაზე აფხაზთა და ქართველთა სახელმწიფოები გაერთიანდა, ამ გაერთიანებული სახელმწიფოს პირველი მეფე ბაგრატ III გახდა. XII საუკუნეში აფხაზთა და ქართველთა სახელმწიფოს დავით აღმაშენებელმა შემოუერთა კახეთ-ჰერეთი (რანთა და კახთა სამეფო), ტაშირ-ძორაგეტის სამეფო და ბოლოს თბილისის საამირო. დავით აღმაშენებელმა საბოლოოდ გაათავისუფლა საქართველო თურქ-სელჯუკების ბატონობისგან. საქართველოსთვის ოქროს ხანად ითვლება თამარ მეფის მოღვაწეობის პერიოდი.
XIII საუკუნეში მონღოლთა შემოსევებმა კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააყენა სამეფო საქართველოში შექმნილი ვითარების გამო ქვეყანა გაიყო ორ ნაწილად, ერთში მეფობდა დავით ულუს შთამომავლები ხოლო მეორეში დავით ნარინის. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალეს მმართველობის დროს საქართველო კვლავ გაერთიანდა, მაგრამ იმავე საუკუნის ბოლოს თემურ-ლენგის რვაგზის შემოსევამ ქვეყანა მიწასთან გაასწორა. ამას, შემდეგ საუკუნეებში მოჰყვა ირანის და ოსმალეთის აგრესია, ჩრდილო-კავკასიურ ტომთა თავდასხმები და შინააშლილობა. 1490 წლიდან საქართველო ოფიციალურად დაიშალა: ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებად და სამცხის საათაბაგოდ. XVI საუკუნეში იმერეთს გამოეყო: სამეგრელოს, გურიის, აფხაზეთის და სვანეთის სამთავროები. 1555 წელს დადებული ამასიის ზავით ირანმა და ოსმალეთმა საქართველო შუაზე გაიყვეს, ქართლი და კახეთი ირანს, ხოლო დასავლეთი საქართველო და სამცხე-საათაბაგო ოსმალეთის ვასალები გახდნენ. 1633 წელს ქართლის მეფე ხდება როსტომ-ხანი, ამის შემდეგ ერთი საუკუნის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოს ტახტზე ქრისტიანი მეფე არ ასულა. XVIII საუკუნიდან ქართლ-კახეთი ერთიანდება და დამოუკიდებელი ხდება ირანელებისაგან. 1783 წელს დადებული გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის პროტექტორატი გახდა.
1801 წელს რუსეთმა გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო და შეიერთა იგი რიგითი გუბერნიის სატატუსით. იმავე წლებში რუსეთის პროტექტორატი აღიარეს სხვა ქართულმა სამეფო-სამთავროებმაც, რასაც მოგვიანებით მათი სრული გაუქმება მოჰყვა. გარდა ამისა რუსეთმა ომით შეიერთა საქართველოს დაკარგული ტერიტორიები. 1918 წელს რუსეთის იმპერიის დამხობის შემდეგ, საქართველომ პოლიტიკური დამოუკიდებლობა მოიპოვა (პირველი რესპუბლიკა). 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. ქვეყანაში შეიქმნა სამი ახალი პოლიტიკური ერთეული - აფხაზეთის სამოკავშირეო რესპუბლიკა (1931 წლიდან ავტონომიური რესპუბლიკა), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.
1991 წელს საბჭოთა კავშირისგან საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია.
საქართველოს ეროვნული ყრილობის მიერ 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეულმა ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს თბილისში მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც 1919 წლის 12 მარტს ოფიციალურად დადასტურდა დამფუძნებელი კრების მიერ.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადება მიმდინარეობდა ოსმალეთის მხრიდან მიმდინარე მძლავრი ზეწოლის ფონზე, რომლის ჯარიც საქართველოს ტერიტორიის შუაგულში იყო შემოჭრილი და ტიფლისამდე რამდენიმე კილომეტრი აშორებდა. ოსმალეთის ინტერვენციის შეჩერება მხოლოდ გერმანიის დემარშის შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომელსაც თავისი ინტერესები გააჩნდა საქართველოსთან მიმართებაში. 1918 წლის 4 ივნისს გაფორმდა ბათუმის ხელშეკრულება, რომელმაც დაადგინა საზღვრები ოსმალეთსა და საქართველოს შორის: ოსმალეთს გადაეცა ბათუმისა და ყარსის ოლქები, ახალქალაქისა და ახალციხის მაზრები. ივნისის ბოლოს ფოთში ჩამოვიდა გერმანიის სამხედრო ექსპედიცია. გერმანელებმა საქართველოს მთავრობისგან მიიღეს ადგილობრივი რესურების ექსპლუატაციის უფლება განუსაზღვრელი რაოდენობით. მაისიდან სექტემბრამდე მათ საქართველოდან გაიტანეს 30 მილიონი მარკის საფასურის მარგანეცი, სპილენძი, თამბაქო, პური, ჩაი, ხილი, ღვინო და სხვა.
ვითარება რადიკალურად შეიცვალა პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ. გერმანიის და ოსმალეთის იმპერიები ომის დასრულებისთანავე დაიშალნენ. ოსმალეთისადმი მიკუთვნებული ტერიტორიები კვლავ სადავო გახდა. 15 დეკემბერს ბათუმის პორტში შევიდა ბრიტანეთის ფლოტი. აჭარა ბრიტანეთის სამხედრო ადმინისტრაციის კონტროლს დაექვემდებერა. ახალციხის და ახალქალაქის მაზრები საქართველოს დაუბრუნდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ აკმაყოფილებდა მეზობელი სომხეთის მთავრობას, რაც სომხეთ-საქართველოს ომის მიზეზი გახდა. ამ ომის შედეგად ორ ქვეყანას შორის გამყოფი ზონა გახდა ბორჩალოს მაზრა, ისტორიული ჩრდილოეთ ლორე, რომელიც ნეიტრალურ ტერიტორიად გამოცხადდა.
თავისი ოთხწლიანი ისტორიის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მუდამ საომარ მოქმედებებში იყო ჩართული, რაც საზღვრების დადგენის პროცესის ნაწილი იყო. თუმცა შეიარაღებული დაპირისპირებები არა მხოლოდ მეზობელ ქვენებთან, არამედ რესპუბლიკის შიგნითაც მიმდინარეობდა. აფხაზეთში, სამეგრელოში და სამხრეთ ოსეთში აჯანყებული ბოლშევიკების მიზანი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობა და საბჭოთა რუსეთთან შეერთება იყო, თუმცა საქართველოს ჯარმა მოახერხა მათი განეიტრალება. 1920 წელს თბილისში ბოლშევიკებმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ამავდროულად საქართველოს ჯარმა დაამარცხა აზერბაიჯანთან საზღვარზე დაბანაკებული საბჭოთა არმიის დამარცხება, რის შემდეგაც საბჭოთა რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, რაც აისახა 7 მაისს გაფორმებულ მოსკოვის ხელშეკრულებაში.
საქართველოს ახალ მთავრობას ოთხი წლის მანძილზე ომის, რევოლუციის, კონტრრევოლუციის, სამოქალაქო ომის, ანარქიის, ეროვნული ვალუტის დაცემის და ეკონომიკური კრიზისის, რევოლუციის შედეგად რეგიონებში კრიმინალთა თარეშის გადატანა მოუხდა. წესრიგის დამყარებისა და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნების შემდეგ, ეროვნულმა საბჭომ დამფუძნებელი კრების არჩევნებისთვის მზადება დაისახა მიზნად. არჩევნები გაიმართა 1919 წლის თებერვალში, პირდაპირი, თანასწორი, საყოველთაო, ფარული და პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე . ხმის მიცემის უფლება მიენიჭა რესპუბლიკის ყველა 20 წლის და უფროს მოქალაქეს, განურჩევლად რასისა, ეროვნებისა, სქესისა და სოციალური მდგომარეობისა. არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა დაახლოებით 77% მიიღო, ზოგიერთ უბანში მათი რაოდენობა 80% შეადგენდა. არჩევნების შედეგად, დამფუძნებელი კრება შემდეგნაირად დაკომპლექტდა: სოციალ-დემოკრატები – 103 ადგილი; ეროვნულ-დემოკრატები – 11 ადგილი, ფედერალისტები – 8 ადგილი; სოციალური რევოლუციონერები – 5 ადგილი; სომეხი ,,დაშნაკების” პარტია – 3 ადგილი.
კომუნისტებმა ერთი ადგილიც კი ვერ მოიპოვეს, რადგან ხმათა ერთ პროცენტზე ნაკლები მიიღეს. კრების წევრები იყვნენ ორივე სქესის წარმომადგენლები. გარდა ქართველებისა 130 წევრიან კრებაში წარმოდგენილი იყვნენ უმცირესობებიც, კერძოდ: სომხები (10), აზერბაიჯანელები (4),რუსები (2), ებრაელები (2), ბერძნები (1), გერმანელები (1).
დამფუძნებელი კრების მთავარ ამოცანას წარმოადგენდა რესპუბლიკის კონსტიტუციის შემუშავება. ამ დავალების შესრულება საგანგებო კომიტეტს მიანდეს.
საქართველოს კონსტიტუცია საბოლოო ფორმით მიიღეს 1921 წლის 21 თებერვალს. ამ დროს თბილისის მისადგომებთან ცხარე ბრძოლები მიმდინარეობდა ქართველებსა და საბჭოთა არმიას შორის. 25 თებერვალს წითელმა არმიამ აიღო თბილისი და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ბათუმში გადაინაცვლა და იქიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს ჯარს. მარტში აჭარაში თურქეთის არმია შეიჭრა. საქართველოს მთავრობამ დატოვა ქვეყანა და ემიგრაციაში გაემგზავრა. საქართველოს პირველმა რესპუბლიკის არსებობა წარსულს ჩაბარდა.
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია : საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.
1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში წავიდა.
XX საუკუნის 20-30-იან წლებში საქართველოში საბჭოთა სისტემის დამკვიდრების პერიოდია. საბჭოთა რუსეთმა ქართველი ბოლშევიკების აქტიური მხარდაჭერით შესძლო ქართველი ერისთვის მიუღებელი რეჟიმის დამყარება. საქართველო ძალით გააერთიანეს ამიერკავკასიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და საბჭოთა კავშირში, მათ სისხლში ჩაახშეს ეროვნული მოძრაობა, საქართველოში მაინც არასტაბილური პოლიტიკური და მძიმე სოციალ-ეკონომიკური ვითარება იყო.
1939 წელს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. ამ უდიდეს ომში საბჭოთა კავშირმა გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ამას ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესება არ მოჰყოლია. საბჭოთა კავშირის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ომის შემდგომ წარმოქმნილი რთული მდგომარეობა, სახელმწიფო რეჟიმის განმტკიცებით და პოლიტიკური რეპრესიების გამოწყებით ჩაეხშოთ. დაუსაბუთებელი, უხეში კრიტიკის ობიექტად იქცნენ გამოჩენილი მწერლები, მეცნიერები, ხელოვნების მუშაკები. ვითომდა ბურჟუაზიული იდეოლოგიის კრიტიკის ნიშნად მკაცრად იდევნებოდა თავისუფალი აზრის ყოველი გამოვლინება.
საბჭოთა სისტემის კრიზისი აშკარად გამოვლინდა XX საუკუნის 50-იან წლებში ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის დროს, ხოლო ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის დროს გარეგნულად სისტემა ძლიერი კი ჩანდა მაგრამ ქვეყნის ეკონომიკა პრაქტიკულად განადგურებული იყო. საბჭოთა კავშირის კრიზისის პერიოდში იწყება დაპყრობილ ხალხებში ეროვნული მოძრაობის აღმავლობა, მათ შორის საქართველოშიც. XX საუკუნის 70-იან წლების ბოლოს საბჭოთა ქვეყნის კრიზისი აშკარა გახდა. 1985 წელს საბჭოთა კავშირში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა ქვეყნის მმართველი გახდა მიხეილ გორბაჩოვი. გორბაჩოვმა ქვეყნის ღრმა კრიზისი აღიარა და მის გამოსწორებას შეუდაგა მაგრამ ეს შუძლებელი იყო . დაპყრობილ ქვეყნებში ეროვნული მოძრაობამ ფართო ხასიათი მიიღო. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა თბილისში დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები. 1991 წლის 9 აპრილს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია.
საქართველოს რესპუბლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პირველი წლების სიძნელეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საბჭოთა კავშირი მტრულად შეხვდა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს და რეფერენდუმის საფუძველზე, იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. ცხადი გახდა, რომ საქართველოს გაუჭირდებოდა საბჭოთა პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობების დალაგება. ის ფაქტი, რომ საქართველოს საზღვრებს სსრკ-ს ჯარი იცავდა , ხოლო ქვეყანაში სსრკ-ს სამხედრო ბაზები იყო განლაგებული, დამატებით პრობლემებს ქმნიდა. გარდა ამისა, მოსკოვს შეეძლო საქართველოში ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემების შექმნა. ქვეყანაში ძალიან მძიმე ვითარება იყო. ამავდროულად იზრდებოდა სეპარატისტული განწყობები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. 1990 წლის სექტემბერში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი საბჭოთა რესპუბლიკად გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა ეს უკანონო აქტი მისი მიღებიდან მეორე დღესვე გააუქმა. მიუხედავად ამისა, ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მეთხუთმეტე სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ. საქართველოს მთავრობის ოფიციალური გაფრთხილების მიუხედავად, 1990 წლის დეკემბერში სამხრეთ ოსეთში ჩატარდა არჩევნები, რომელშიც ქართულმა მოსახლეობამ მონაწილეობა არ მიიღო. სეპარატისტების ანტიკონსტიტუციური ქმედებების გამო საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1990 წლის დეკემბერშივე გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. მოსკოვი სეპარატისტების აშკარა მხარდაჭერის გზას დაადგა. 1991 წლის იანვარში სსრ კავშირის პრეზიდენტმა მიიღო ბრძანებულება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის აღდგენის შესახებ. ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობები დაიძაბა. გახშირდა სისხლიანი შეტაკებები, რომლებსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სულ უფრო მცირდებოდა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზები.
თანდათანობით იძაბებოდა ვითარება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც. 1990 წლის აგვისტოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო ანტიკონსტიტუციური დეკლარაცია აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ. საქართველოს უზენაესმა საბჭომ გააუქმა ეს უკანონო აქტი.
ასეთ მძიმე ვითარებაში საჭირო იყო საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა და ეროვნული ძალების გაერთიანება, თუმცა ეს არ მოხდა. განსაკუთრებით დაიძაბა ვითარება 1991 წლის აგვისტოში, როდესაც მოსკოვში რეაქციულმა ძალება სცადეს პუტჩის მოწყობა და პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვის ჩამოგდება. 1991 წლის დეკემბერში გამოცხადდა საბჭოთა კავშირის დაიშალა. ამ ყველაფერმა საქართველოში ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.
1991 წლის დეკემბერში თბილისის ცენტრში დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება, რომლის შედეგადაც დაემხო არჩევნებში გამარჯვების გზით მოსული ხელისუფლება და ძალაუფლება გადავიდა სამხედრო საბჭოს ხელში, რომელიც არალეგიტიმური ორგანო იყო. პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ჯერ სომხეთს, ხოლო შემდეგ ჩეჩნეთსშეაფარა თავი. სამხედრო გადატრიალებამ დასაბამი მისცა სამოქალაქო ომს.
ღონისძიებები ვითარების სტაბილიზაციისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სამხედრო საბჭოს მმართველობის დროს კრიზისი ქვეყანაში სულ უფრო მწვავდებოდა. დევნილ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა, რომლებიც აგრძელებდნენ ბრძოლას. ქვეყანა დაიყო ორ ნაწილად – დევნილი პრეზიდენტის მომხრეებად (ზვიადისტები) და სამხედრო საბჭოს მხარდამჭერებად (პუტჩისტები). ვითარება კვლავ დაძაბული იყო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გზად ქართულმა ინტელიგენციამ მოსკოვიდან ედუარდ შევარდნაძის ჩამოყვანა დაისახა. სამხედრო საბჭომ ანგარიში გაუწია მათ მოთხოვნას. 1992 წლის მარტში ედუარდ შევარდნაძე საქართველოში დაბრუნდა. ედუარდ შევარდნაძის ჩამოსვლის შემდგომ სამხედრო საბჭომ ძალაუფლება სახელმწიფო საბჭოს გადააბარა. სახელმწიფო საბჭოში შედიოდნენ პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ინტელიგენციის წარმომადგენლები. სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი ედუარდ შევარდნაძე გახდა. შექმნილ ვითარებაში აუცილებელი გახდა საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რადგან ძალაუფლება იყო არალეგიტიმური ორგანოს ხელში. 1992 წლის ოქტომბერში არჩეული პარლამენტი აღმოჩნდა ყველაზე მრავალპარტიული საქართველოს ისტორიაში. ედუარდ შევარდნაძეს სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციები მიენიჭა.
კრიზისი საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც გაგრძელდა. დასავლეთ საქართველოს გარკვეულ ნაწილს აკონტროლებდნენ ზვიად გამსახურდიას მომხრეები. ამ მძიმე ვითარებაში რეაქციული ძალები ამზადებდნენ აფხაზეთის საქართველოსგან გამოყოფის აქტს. დაიწყო ადამიანთა გატაცება და თავდასხმები საქართველოში მიმავალ სატვირთო მატარებლებზე მათი გაძარცვის მიზნით. სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით 1992 წლის აგვისტოში სატრანსპორტო მაგისტრალის გაკონტროლების მიზნით აფხაზეთში შევიდა ქართული პოლიცია და ჯარი. ამ პერიოდისთვის საქართველო როგორც სახელმწიფო პრაქტიკულად ჩამოყალიბებული არ იყო, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ორგანოები ან არ არსებობდა, ან ჩამოყალიბების პროცესში იყო, სუსტი და არაორგანიზებული ჯარი სათანადოდ შეიარაღებული არ იყო. არაორგანიზებული და უდისიპლინო ჯარი ხშირად თვითნებურადაც მოქმედებდა, ამის მაგალითია სოხუმის დაკავება. ასე დაიწყო აფხაზეთის ომი. 1993 წლის ივლისში სოჭში ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც აფხაზმა სეპარატისტებმა დაარღვიეს და საომარი მოქმედებები განაახლეს. ამ ომში აფხაზთა მხარეს იბრძოდნენ დაქირავებული ჩრდილოკავკასიელი ბოევიკები და აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებული რუსული სამხედრო შენაერთები. მათი დახმარებით აფხაზმა სეპარატისტებმა აიღეს გაგრა, შემდეგ დიდი ბრძოლების შედეგად სოხუმი, ოჩამჩირე, გალი და 1993 წლის სექტემბრის ბოლოს საზღავარი გაავლეს მდინარე ენგურზე. აფხაზებმა ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა. საომარი მოქმედებების დროს აფხაზეთი დატოვა 300 000 ქართველმა და სხვა ეროვნების მოქალაქემ. მათი უდიდესი ნაწილი უსახლკაროდ დარჩა.
აფხაზეთში მარცხს ხელი შეუწყო ქვეყანაში არსებულმა მძიმე პოლიტიკურმა მდგომარეობამ. ვერ მოხერხდა მთელი ძალების მობილიზება ომისთვის. კერძოდ, შექმნილ კრიტიკულ ვითარებაში შეუძლებელი იყო საერთო მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად ზვიად გამსახურდიას მომხრე სამხედრო ფორმირებების და სამთავრობო ჯარების გაერთიანება. უფრო მეტიც, ქვეყანაში პრაქტიკულად დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელიც ზვიად გამსახურდიას მარცხით დასრულდა. 1993 წლის დეკემბერში, დღემდე დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა ზვიად გამსახურდია. 1994 წლის გაზაფხულში სამთავრობო ძალებმა აღმოფხვრეს უკანასკნელი პარტიზანული რაზმების წინააღმდეგობა სამეგრელოში.
1994 წელს ისევ გრძელდებოდა ანარქია და უწესრიგობა. სახელმწიფო ორგანოები ფაქტობრივად ჩამოშლილი იყო. საქართველოს ეკონომიკა დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სამოქალაქო ომის დამთავრებამდე ჩამოიშალა დაახლოებით 75%-ით. ასეთი რეცესიაძალიან მძიმედ ასიახა ქვეყნის ცხოვრებაზე. მომძლავრდა კრიმინალი, რომლის წინააღმდეგ პოლიცია უძლური, ზოგ შემთხვევაში კი მასთან შეკრული იყო. გახშირდა ტერორისტული აქტები. მათგან აღსანიშნავია თავდასხმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გიორგი ჭანტურიაზე. ამ ტერორისტული აქტის დროს გიორგი ჭანტურია დაიღუპა, ხოლო მისი მეუღლე და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირინა სარიშვილი მძიმედ დაჭრა. ეს ფაქტობრივად ნიშნავდა პოლიტიკური ტერორის დაწყებას.
ქვეყნის სხვა რეგიონებისგან განსხვავებით , სამოქალაქო მშვიდობა შენარჩუნდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რაც ასლან აბაშიძის მკაცრი პოლიტიკის შედეგია. 1997წელს აჭარა მიიღეს ევროპის რეგიონთა ასამბლეაში.
ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევისთვის აუცილებელი იყო კონსტიტუციის მიღება. საქართველოს კონსტიტუციის მისაღებად შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია ედუარდ შვარდნაძის თავმჯდომარეობით. კომისიამ შეიმუშავა პროექტი და განსახილველად პარლამენტს გადასცა. 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი ქვეყნის კონსტიტუცია. კონსტიტუციის საფუძველზე დაინიშნა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. კონსტიტუცია ოფიციალურად ძალაში შედიოდა ახალი პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევის შემდეგ. ქვეყნის დესტრუქციულ ძალებს ხელს არ აძლევდა ქვეყანაში მდგომარეობის სტაბილიზაცია. 1995 წლის 19 აგვისტოს მოეწყო ტერორისტული აქტი, რომლის მიზანიც იყო ედუარდ შევარდნაძის ლიკვიდაცია, თუმცა ედუარდ შევარდნაძე სიკვდილს გადაურჩა.
საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განისაზღვრა 1991 წლის 21 დეკემბრის (სსრკ-ის დაშლის) მდგომარეობით. საქართველოს პარლამენტი იყო ორპალატიანი, იგი შედგებოდა ეროვნული საბჭოსა და სენატისგან. პარლამენტს მიენიჭა საკანონმდებლო ფუნქციები. კონსტიტუციის ძალით საქართველო გახდა საპრეზიდენტო რესპუბლიკა, პრეზიდენტი იყო საქართველოს სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური. 1995 წლის შემოდგომაზე გაიმართა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. საქართველოს პრეზიდენტი გახდა ედუარდ შევარდნაძე. პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა მოქალაქეთა კავშირმა.
1995 წლიდან დაიწყო უკანონო შეიარაღებული ძალების ალაგმვა, რამაც ქვეყანაში მშვიდობა დაამყარა. 1995-1997 წლებში მიმდინარეობდა ეკონომიკური რეფორმები, რომლის შედეგადაც ქვეყნის ეკონომიკამ გარკვეულ წილად აღმავლობა დაიწყო, ეკონომიკური აღმავლობა გაგრძალდა 1998 წლამდე. 1998 წლის აგვისტოს რუსეთის ფინანსურმა კრიზისმა ნეგატიური გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე. ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო არნახულმა კორუფციამაც. ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა 1998 წლის მაისში გალის რაიონში დაწყებულმა საომარმა მოქმედებებმაც. ამ საომარ მოქმედებებს მოჰყვა ლტოლვილების ახალი ნაკადის გადმოსვლა სამეგრელოში.
1998 წლის ოქტომბერში ზვიადისტმა ოფიცრებმა მოაწყვეს ბუნტი ედუარდ შევარდნაძის მთავრობის დასამხობად. ამბოხება გადაიზარდა სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელ მცდელობაში. მისი ხელმძვანელების უმრავლესობა დააკავეს, ხოლო ამბოხების მთავარი სულისჩამდგმელი აკაკი ელიავა მძევლების გათავისუფლების მიზნით მოწყობილი სპეცოპერაციის დროს მოკლეს. ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ზვიადისტები გაერთიანდნენ და ქვეყნის სათავეში მოსვლა სცადეს.
1999 წლის ოქტომბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნები ყველაზე მეტი ხმა მოქალაქეთა კავშირმა მიიღო, მოქალაქეთა კავშირის შემდეგ ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა ბლოკმა საქართველოს აღორძინებამ დააგროვა (ბლოკის ლიდერი იყო ასლან აბაშიძე). პარლამენტში აგრეთვე მოხვდა პარტია მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს (მისი თავმჯდომარე იყო გოგი თოფაძე). პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს ზურაბ ჟვანია. 2000 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად პრეზიდენტი გახდა ედუარდ შევარდნაძე. ქვეყანაში კვლავ უმძიმესი მდგომარეობა იყო.
2002 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მმართველმა პარტიამ მძიმე მარცხი იწვნია. მოქალაქეთა კავშირმა ხმათა 2,5% მიიღო და ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი. ასეთ ვითარებაში ედუარდ შევარდნაძემ სცადა მოქალაქეთა კავშირის რეფორმირება და ამომრჩევლის თვალში რეაბილიტაცია, თუმცა უკვე დაწყებული იყო პარტიის დაშლის შეუქცევადი პროცესი. ყველაზე თვალსაჩინო იყო იუსტიციის ყოფილი მინისტრის, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა პარტიიდან. მის გარშემო გაერთიანდა ყველაზე მზარდი ოპოზიციური ძალა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. 2003 წლის 2 ნოემბერს უნდა გამართულიყო საპარალმენტო არჩევნები, რომლის შედეგებიც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებდა ქვეყნის მომავალზე.
2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მოქალაქეთა კავშირი გაერთიანდა ბლოკში საქართველოს სოციალისტურ პარტიასა და პარტია „დიდი აბრეშუმის გზასთან“. ახლადშექმნილ კოალიციას „ახალი საქართველოსთვის“ ეწოდა. მათი მთავარი კონკურენტები იყვნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საქართველოს ლეიბორისტული პარტია, ბლოკი ბურჯანაძე — დემოკრატები და ახალი მემარჯვენეები. საპარლამენტო არჩევნები 23 ნოემბერს გაიმართა. ეგზით პოლებზე დაყრდნობით არჩევნებში გამარჯვებას აღნიშნავდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, არჩევნებში მარცხი და ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება აღიარა ნინო ბურჯანაძემ. თუმცა ცესკოსმონაცემებით პირველ ადგილზე გავიდა სახელისუფლებო ბლოკი ხმათა 21,3%-ით, მეორეზე - დემოკრატიული აღორძინების კავშირი ხმათა 18,8%-ით, ნაციონალურ მოძრაობას კი მხოლოდ მესამე ადგილი ერგო. ხმათა ასეთმა გადანაწილებამ მოსახლეობის უნდობლობა გამოიწვია. გაჩნდა ეჭვები, რომ არჩევნები გაყალბდა. მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა ქუჩებში გამოსულიყვნენ და თავიანთი ხმები დაეცვათ. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მონაცემებით, არჩევნები მთელი რიგი სტანდარტების დარღვევით და არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. 4 ნოემბერს თბილისში დაიწყო საპროტესტო აქციები არჩევნების ბათილად ცნობის და მოქმედი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. მომდევნო დღეებში აქციებს მოსახლეობა რეგიონებიდანაც შეუერთდა. მომიტინგეებმა ედუარდ შევარდნაძეს ულტიმატუმი წაუყენეს, რომ ჩატარებულიყო ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, თუმცა რადგანაც პრეზიდენტმა ულტიმატუმის პირობები არ შეასრულა, ოპოზიციის ლიდერებმა დაიწყეს სახელმწიფო დაწესებულებების აღება.
22 ნოემბერს, ახლადმოწვეული პარლამენტის პირველი სხდომისას, ედუარდ შევარდნაძის სიტყვით გამოსვლის დროს, პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები ვარდებით ხელში და მოუწოდებდეს პრეზიდენტს გადამდგარიყო. პირადმა დაცვამ მოახერხა პრეზიდენტი იქაურობიდან გაერიდა. მომიტინგეებმა ასევე აიღეს სახელმწიფო კანცელარიის შენობა. ადგილზე მობილიზებული იყო სამხედრო და საპატრულო შენაერთები, თუმცა მათ მოსახლეობისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, ზოგიერთი მათგანი კი მომიტინგეებს შეუერთდა. მომდევნო დღეს, საჯარო გამოსვლისას ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შესახებ, რადგან „ძალის გამოყენება ამ შემთხვევაში უდავოდ გამოიწვევდა სისხლისღვრას“. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო პროპორციული სისტებით ჩატარებული არჩევნების შედეგები. მომდევნო არჩევნებამდე ფუნქციონირება განაახლა 1999 წლის მოწვევის პარლამენტმა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტი ჩაიბარა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ.
შემდგომში ამ მოვლენებს საქართველოს ისტორიაში ეწოდა ვარდების რევოლუცია.
რევოლუციის შემდგომი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2004 წლის 4 იანვარს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა მიხეილ სააკაშვილმა. მარტში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა.
2004 წლის 6 მაისს პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ასლან აბაშიძე აჭარის მეთაურის თანამდებობიდან გადადგა და რუსეთში გაემგზავრა. აჭარა საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდა.
ახალმა ხელისუფლებამ გაატარა რეფორმების მთელი სერია. მოხდა პოლიციის თანამშრომლების გადარჩევა, ეკონომიკის ლიბერალიზაცია. გამოცხადდა ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, გაიზარდა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი.
2004 წლის აგვისტოში ვითარება დაიძაბა კონფლიქტურ ცხინვალის რეგიონში, რასაც მოყვა შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოს შინაგანი ჯარებისა და უშიშროების სამინისტროს ძალების მონაწილეობით.
2006 წლის ივლისში კოდორის ხეობაში ჩატარდა საპოლიციელო სპეცოპერაცია, რომლის დროსაც მოხდა გასამხედროებული დაჯგუფება „მონადირეს“ წევრების განიარაღება. ხეობა საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდა.
2007 წლის სექტემბერში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აგორდა პოლიტიკური სკანდალი, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა პრეზიდენტი პოლიტიკური ოპონენტის, ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის დაკვეთაში დაადანაშაულა. ოქრუაშვილი მინისტრობის დროს ფულის გამოძალვის, ფულის გათეთრების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააპატიმრეს. 7 ნოემბერს პოლიციამ ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა საპროტესტო მსვლელობა თბილისში, რის შემდეგაც ნიღბიანმა პირებმა „იმედისა“ და „კავკასიას“ სტუდიები დაარბიეს, რის გამოც ამ ტელეკომპანიების მაუწყებლობა გამოირთო. მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა და დანიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.
2008 წლის 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა მიხეილ სააკაშვილმა. ოპოზიციის ინიცირებით თბილისში მოეწყო მრავალათასიანი საპროტესტო აქციები არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი. საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა 12 აგვისტომდე. საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისშუამავლობით 15-16 აგვისტოს ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლის პირობებიც რუსეთმა არ შეასრულა და სამხედრო შენაერთები საქართველოს ტერიტორიიდან არ გაიყვანა.
2009 წლის 5 მაისს მუხროვნის სამხედრო ბაზაზე დააკავეს 18 ადამიანი, მათ შორის სატანკო ბატალიონის მეთაური. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანცხადებით, გახსნილი იქნა ქვეყნის დესტაბილიზაციისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის გეგმა.
2011 წლის 26 მაისს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ძალებმა დაშალეს საპროტესტო მსვლელობა თბილისში, რა დროსაც დაიღუპა 2 ადამიანი.
2012 წლის 1 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“. საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა არჩევნების გზით.
2013 წლის 27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა გიორგი მარგველაშვილმა. ძალაში შევიდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რის შედეგადაც შემცირდა პრეზიდენტის ძალაუფლება და გაზარდა პარლამენტის უფლებები.
2018 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი-პრეზიდენტი გახდა სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს საგარეო პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საბჭოთა კავშირის დაშლა გააადვილა ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების , მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პირველ დიდ გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს 1992 წლის ივლისში საქართველოს გაწევრიანება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.
პოსტსაბჭოთა სივრცეში დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკუირი კურსის შემუშავება და მისი რეალიზაცია დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ცხადია რუსეთი ყველა საშუალებით შეეცდებოდა საქართველოს მის გავლენის სფეროში დაბრუნებას. მოსკოვს საქართველოზე ზეწოლის მრავალი საშუალება გააჩნდა. ედუარდ შევარდნაძე პროდასავლური პოლიტიკის გატარების მომხრე იყო მაგრამ 1992-1993 წლებში შექმნილი მძიმე ვითარების გამო რუსეთისთვის ანგარიშის გაწევა აუცილებელი გახდა. სწორედ ამიტომ 1993 წლის დეკემბერში საქართველო გაწევრიანდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. მიუხედავად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაერთიანებისა საქართველომ მაინც არ თქვა უარი პროდასავლურ ორიენტირზე. 1994 წელს საქართველომ ხელი მ ოაწერა ჩრდილო-ატლანტიკური კავშირის (ნატოს) პროგრამას პარტნიორობა მშვიდობისთვის. 1999 წელს საქართველოს ევროპის საბჭოს (ევროსაბჭო) სრულუფლებიანი წევრი გახდა. საქართველო გაწევრიანდა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში. 2000 წლის 1 იანვარს საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული ჰქონად 110 ქვეყანასთან. ასევე საქართველო ასზე მეტი საერთაშორისო თუ სამთავრობო ორგანიზაციის მათ შორის აღსანიშნავია : გაერო, ეუთო, ევროსაბჭო, ტრანსეკა, ბისეკი, სუამი.
საქართველო აფხ. Қырҭтәыла
საქართველო
| ||||||
---|---|---|---|---|---|---|
| ||||||
დევიზი: ძალა ერთობაშია | ||||||
ჰიმნი: საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი „თავისუფლება“ | ||||||
საქართველოს მდებარეობა მსოფლიოში
| ||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | თბილისი 41°43′ ჩ. გ. 44°47′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ქართული აფხაზური 1 [1] | |||||
ეთნიკური ჯგუფები(2014) | ქართველები – 86,8 % აზერბაიჯანელები – 6,2 % სომხები – 4,5 % სხვა – 2,8 % | |||||
ეთნოქორონიმი | ქართველი | |||||
მთავრობა | საპარლამენტო სისტემა | |||||
- | პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | მამუკა ბახტაძე | ||||
- | პარლამენტის თავმჯდომარე | ირაკლი კობახიძე[2] | ||||
საკანონმდებლო ორგანო | საქართველოს პარლამენტი | |||||
დამოუკიდებლობა | ||||||
- | რუსეთის იმპერიისგან | 26 მაისი 1918 | ||||
- | საბჭოთა ანექსია | 25 თებერვალი 1921 | ||||
- | დამოუკიდებლობა სსრკ-სგან | 9 აპრილი 1991 (განაცხადა) 25 დეკემბერი 1991 (დასრულდა) | ||||
- | კოსტიტუციისმიღება | 24 აგვისტო 1995 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 69 700 კმ2 (121-ე) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2017 შეფასება | 3,718,200 კაცი[3](131-ე) | ||||
- | 2014 აღწერა | 3 713 804 კაცი[4] | ||||
- | სიმჭიდროვე | 53.5 კაცი/კმ² კაცი/კმ2 (137-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2017 შეფასება | |||||
- | სულ | $39.70 მილიარდი[5](116-ე) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $10,747 | ||||
მშპ (ნომინალი) | 2015 შეფასება | |||||
- | სულ | $14.372 მილიარდი[6] | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $3,863[6] | ||||
ჯინი (2014) | 40.9[7] საშუალო | |||||
აგი (2015) | 0.754[8] მაღალი · 76-ე | |||||
ვალუტა | ლარი 4 (GEL ) | |||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00[9] | |||||
მოძრაობა | მარჯვენა | |||||
სატელეფონო კოდი | +995 | |||||
ISO 3166 კოდი | GEO | |||||
ინტერნეტ-დომენი | .ge | |||||
ა. | 1აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ასევე აფხაზური ენა. | |||||
ბ. | 2მოსახლეობის რიცხვში და სიმჭიდროვეში არ შედის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ნაწილი, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. 3დაახლოებითი მონაცემები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით. 4რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ასევე მიმოქცევაშია რუსული რუბლი. |
No comments:
Post a Comment